English / ქართული / русский /
მიხეილ ჩიკვილაძე
საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი რადიკალური ცვლილებები და სახელმწიფო ბიუჯეტი

ანოტაცია

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება დიდად არის დამოკიდებული საგადასახადო სისტემის სწორ ორგანიზაციაზე, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ საგადასახადო განაკვეთების კორექტირებით შეიქმნას საგადასახადო ბაზის განვითარების აუცილებელი პირობები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამეურნეო აქტივობების ამაღლებას, ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმების ზრდას და სხვ. 

სახელმწიფომ უნდა შექმნას დამატებითი სტიმულები ფინანსური რესურსების გასადიდებლად. გადასახადების გონივრული განაკვეთების დადგენისას აუცილებელია საგადასახადო ოპტიმუმის დაცვა, რაც ძირითადად გულისხმობს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შევსებას და გადამხდელთათვის შემოსავლის ისეთი წილის დატოვებას, რომელიც მას საშუალებას მისცემს, გააფართოოს წარმოების მასშტაბები და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.

საკვანძო სიტყვები: საგადასახადო კანონმდებლობა, საგადასახადო განაკვეთები, სახელმწიფო ბიუჯეტი.

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება დიდად არის დამოკიდებული საგადასახადო სისტემის სწორ ორგანიზაციაზე, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ საგადასახადო განაკვეთების კორექტირებით შეიქმნას საგადასახადო ბაზის გაფართოების პირობები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამეურნეო აქტივობების ამაღლებას, ინვესტირების მოზიდვას, დასაქმების ზრდას და სხვ. საგადასახადო განაკვეთების შეცვლით (თუ ეს აუცილებელია) სახელმწიფომ უნდა შექმნას დამატებითი სტიმულები ფინანსური რესურსების გასადიდებლად. გადასახადების გონივრული განაკვეთების დადგენისას აუცილებელია საგადასახადო ოპტიმუმის დაცვა, რაც ძირითადად გულისხმობს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შევსებას და გადამხდელისათვის შემოსავლის ისეთი წილის დატოვებას, რომელიც მას საშუალებას მისცემს, გააფართოოს წარმოების მასშტაბები და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. სწორედ ეს მოთხოვნები დაედო საფუძვლად საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებულ ზოგიერთ ცვლილება, რომლებიც 2016-2017 წლებშია შესული ძალაში, კერძოდ:

• მიღებული მოგების რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისაგან გათავისუფლდება, თუმცა ეს შეღავათი არ გავრცელდება ზოგიერთ ბიზნესსაქმიანობაზე, მაგალითად ტოტალიზატორის მოწყობაზე და სხვ., მაგრამ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ საფინანსო სექტორი ამ პრივილეგიებით მხოლოდ 2019 წლიდან ისარგებლებს. მოგების გადასახადის წარმატებული რეფორმა დამოკიდებულია მის იმპლემენტაციაზე. ამჟამად, ჯამში, მოგების გადასახადის დეკლარაცია ახალი წესით 50 000-მდე ბიზნესმენმა წარმოადგინა, რაც დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია და რეფორმა ფაქტობრივად წარმატებულია ადმინისტრირების დარგში, ვინაიდან მოგების გადასახადის რეფორმა ოთხი წლის განმავლობაში 2 მილიარდ ლარზე მეტ თავისუფალ ფულად რესურსს მოუტანს ბიზნესს გაფართოებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის, მეტი რეინვესტიციის განვითარებისათვის.

• განსაკუთრებული ცვლილებებია აქციზის გადასახადში. კერძოდ, გაზრდილია აქციზის გადასახადი თამბაქოს პროდუქციაზე (მაგ., ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტის, ასევე 1 სიგარის აქციზი გაიზარდა 0.60 თეთრით, ხოლო ერთი კოლოფი უფილტრო სიგარეტის აქციზი კი _ 0.30 თეთრით). ანალოგიური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა თამბაქოს სხვადასხვა დასახელების ნაწარმზე (ნედლეულის გარდა), თუმცა ცნობილია ისიც, რომ თამბაქოს ფასი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია საქართველოში. საგულისხმოა, რომ იცვლება აქციზის გადასახადის სტრუქტურა ალკოჰოლიან სასმელებზეც, კერძოდ სპირტიანი სასმელების აქციზით დაბეგვრა განხორციელდება მასში ალკოჰოლის შემცველობიდან გამომდინარე, ლუდის შემთხვევაში ალკოჰოლის პროცენტული მაჩვენებლით, ხოლო ეთილის სპირტის შემცველ საქონელზე -სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით.

როგორც ცნობილია, ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, გართულებულია თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობები, შეიმჩნევა მოსახლეობის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მაჩვენებლებიც. ასეთ გარემოში მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა ნავთობპროდუქტებზეც. კერძოდ, გაიზარდა აქციზის გადასახადი, მაგ., 1000 მ³ გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა, 1 ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, 1 ტონა დიზელის საწვავი 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო 1 ტონა ძრავის ზეთი 400 ლარიდან 800 ლარამდეა გაზრდილი. აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდა შეეხო იმპორტირებულ ავტომობილებსაც (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე დაბალია), გაზრდილია აქციზის გადასახადი ბენზინისძრავიან მსუბუქ ავტომობილებზე, რაც უფრო ძველია ავტომობილი, მით უფრო დიდია აქციზის გადასახადი. გასამმაგდა მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის სტანდარტული განაკვეთი, მაშინ როდესაც ექვს წლამდე ასაკის ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებზე სტანდარტული აქციზის განაკვეთი 60%-ით შემცირდა (მაგ., 10 წლის ასაკის ჩამოყვანილი მანქანის აქციზი განისაზღვრა 2.2 ათ. ლარის ფარგლებში. იმ შემთხვევაში კი თუ ეს ავტომობილი ამავე დროს მარჯვენასაჭიანია, მაშინ აქციზის გადასახადი გასამმაგებულია და 6.6 ათ. ლარს შეადგენს). მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც რომ, თუ 2016 წელს ოჯახის წლიური შემოსავალი 40.0 ათ. ლარიდან 100.0 ათ. ლარამდე შეადგენდა, ამავე დროს ოჯახს ჰყავს ავტომობილი, ამ შემთხვევაში გარდაუვალია 2017 წლის 1 ნოემბრამდე მისი დეკლარირება და შესაბამისად ავტომობილზე ქონების გადასახადის გადახდა მისი ღირებულების 0.005%-დან 0.2%-მდე ოდენობით. საგულისხმოა ისიც, რომ ოჯახის წლიური შემოსავალი თუ აღემატება 100.0 ათ. ლარს, გადასახადით დაიბეგრება 0,8%-დან 1%-მდე. დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლდება საჰაერო გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა, ასევე დღგ და აქციზისგან გათავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისათვის განკუთვნილი იმპორტი და მიწოდება.

• ცვლილებები შეეხო აგრეთვე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელსაც. გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მისი სახეების მიხედვით. კერძოდ, სამორინეს ერთ მაგიდაზე მოსაკრებლის ცვლილებამდე განაკვეთი 15.0 ათ. – 30.0 ათ. ლარი იყო. ცვლილებების შემდეგ, განაკვეთმა ერთ მაგიდაზე 20.0 ათ.ლარი - 40.0 ათ. ლარი შეადგინა.

• ძალზე მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილი მთლიანად მიემართება ადგილობრივ ბიუჯეტებში, საგადასახადო შემოსულობების განაწილების ახალი პრინციპი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შევსებას.

ზემოთ აღნიშნული გატარებული საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლების საგრძნობი ზრდა, კერძოდ:

• 2017 წელს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გაზრდით (იმპორტის ნაწილობრივი შემცირების გათვალისწინებით) დამატებით ბიუჯეტში 200.0 მლნ ლარის შემოსავლის მიღებაა მოსალოდნელი. ამავე წელს, ავტომობილებზე აქციზის გადასახადის გაზრდით მოსალოდნელია 45.0 მლნ ლარის მობილიზება ბიუჯეტში, ხოლო ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის განაკვეთის გაზრდა კი 250.0 მლნ ლარის დამატებით შემოსავალს მოუტანს სახელმწიფო ბიუჯეტს.

აღნიშნული საგადასახადო და ეკონომიკური ხასიათის სხვადასხვა რადიკალური ცვლილებები, რომლებიც 2017 წლიდან შესულია ძალაში, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომენტარებიდან ირკვევა, გაზიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ და მათი განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს საერთაშორისო ფონდებიდან დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა გაუჩნდება.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ლ. ბახტაძე, რ. კაკულია, მ. ჩიკვილაძე, „საგდასახადო საქმე“, - თბ., 2007.
2. თ. კოპალეიშვილი, მ. ჩიკვილაძე, „გადასახადები და დაბეგვრა“ - თბ., 2016.
3. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ - 18/12/2009წ; კანონი N2440-IIს.
4. „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ – 17/09/2010წ; კანონი N3591-II-ს მეთოდური მითითება “გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” – 18/05/2016; შემოსავლების სამსახურის ბრძანება N13446.
5. „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ – 22/11/2007; საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N1226.
6. mpress.ge